მოქალაქეები TikTok-სა და Faceebok-ზე გამოთქმული მოსაზრებისთვის დააჯარიმეს - საია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და Facebook-ზე განთავსებული პოსტის გამო მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმოხილვაში, რომელიც 2023 წლის პირველ კვარტალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მომხდარ ძირითად მოვლენებს აერთიანებს.

საიას მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მარტის დადგენილებით კურიერი  TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

საია წერს, რომ დაჯარიმებული კურიერი ვიდეოში თბილისის სატრანსპორტო რეფორმას აპროტესტებდა და აკრიტიკებდა მძღოლებს, ვინც სამსახურებრივ პრივილეგიებს იყენებს და ავტობუსის ზოლში მოძრაობს.

„იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ“, – წერს საია.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლომ TikTok საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად მიიჩნია და განაცხადა, რომ ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

ხოლო გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი, სასამართლოს მოსაზრებით, სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ამიტომ პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დამრღვევად მიიჩნია.

როგორც საია წერს, სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე.

რაც შეეხება ამავე საქმის ფარგლებში 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმი, რომ სამართალდამცველმა პოლიციელების შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ნახა და აღიქვა შეურაცხყოფად.

„სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად“, – ნათქვამია საიას მიმოხილვაში.

საიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე წერს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირი Facebook-ზე პოსტის განთავსების გამო 2500 ლარით დააჯარიმეს.

საია წერს, რომ სასამართლომ სოციალური ქსელი ამჯერადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად მიიჩნია. რის გამოც, მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება, რომ დაიცვან საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

„სასამართლოს შეფასებით, „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში“, – წერს საია.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ კი მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო კარვის დადგმისთვის, რაც ასევე ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. მოქალაქე, რომელიც აცხადებდა, რომ კარავი პროტესტის ნიშნად დადგა, ქალაქის იერ-სახის თვითნებურად შეცვლის მიზეზით 5 000 ლარით დააჯარიმეს.

„სასამართლოს დადგენილებაში არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული დასაბუთება კარვის საკითხზე, მხოლოდ შემოიფარგლა მსჯელობით, რომ ამ ტიპის კონსტრუქციის დადგმით შეიცვალა ქალაქის იერ-სახე“, – წერს საია.