მოქალაქეები ლექსო სამხარაძე და რუსუდან ქაქუთია სოციალურ ქსელში წერენ, რომ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე უცნობი პირები დაესხნენ თავს.
ქაქუთიას თქმით, ლეონიძეზე 6 ადამიანი მიდიოდნენ, როცა უკნიდან 3-4 ადამიანი დაესხა თავს. მისი თქმით, თანმხლებ ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ბასრი საგანი ეჭირა ხელში. მისივე თქმით, პოლიცია მოვიდა, თუმცა თავდამსხმელები არ დაუჭერიათ.
„მოვდიოდით ლეონიძეზე, დაგვესხნენ უკნიდან თავს, 3-4 კაცი, ბიჭებს ჩაარტყეს სამივეს, ერთი ძალიან დაგვისისხლიანეს, რაღაც ეჭირა ერთ-ერთს უეჭველი ხელში, ბასრი, სისხლიც აქედან არის”. – წერს ქაქუთია სოციალურ ქსელში.
ლექსო სამხარაძე კი წერს, რომ მას თავში, სავარაუდოდ, ე.წ. კასტეტი ჩაარტყეს.
„ლეონიძეზე ჩემ მეგობრებთან ერთად მოვდიოდი, მათ შორის იყვენენ გოგოები და უკნიდან, მოპარვით თავში ჩამარტყეს რაღაც, სავარაუდოდ კასტეტი.
თავდავსხმელი იყო რამოდენიმე და რა თქმა უნდა მოვიგერიეთ. გაილახნენ და გაიქცნენ, ისე რომ საკუთარი მეგობარი მიატოვეს. კითხვები გამიჩნდა. სად გაიზარდნენ? სად გაუგიათ ზურგიდან მიპარვა რომ სწორია? სად გაუგიათ გოგების წინაშე თავდასხმა რომ სწორია? სად გაუგიათ მეგობარის მიტოვება რომ შეიძლება?“, – დაწერა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.