მოქალაქეები წერენ, რომ „ტროტუარის გადაკეტვისთვის“ სასამართლოში დაიბარეს

პუბლიკა

მოქალაქეები ანი ახმეტელი, დიმიტრი ჯამბურია, გიორგი სტეპანოვი, გუგა სულხანიშვილი, ნიკა ბერიძე, გიორგი ბულია, ელენე ჯღარკავა, ნუკრი კაკულია, მიხეილ ზაქარეიშვილი, შალვა ჯავახია და ნატაში ლაზიშვილი სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსთაველის გამზირზე „ტროტუარის გადაკეტვისთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან დაბარებული.

როგორც აქტივისტები წერენ, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას ედავებიან.

სასამართლოში მათი საქმეების განხილვა 25 და 26 დეკემბერსაა ჩანიშნული.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს კიდევ უფრო გაამკაცრა პროტესტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, „ხალხის სავალი გზის“ „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.

თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.