მოქალაქეების 64% ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოქალაქეების 64% ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს.

როგორც კვლევის მიგნებებშია ნათქვამი, აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა:

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36% მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა – მათგან მხოლოდ 15% ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.