მოქალაქეებისა და ჟურნალისტების დევნა, ცემა, მუქარა — სახდეპის კრიტიკული ანგარიში

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება, „რომელიც, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას” და ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედება, „რომელიც ახდენს გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას“.

სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის ასევე აღნიშნავს დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიას, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს შორის იყო სანდო ცნობები შემდეგი შემთხვევების შესახებ: წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; თვითნებური დაპატიმრება და დაკავება; და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა, და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების მსუსხავი ეფექტი.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომ გამოეძიებინა და დაესაჯა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი ზოგიერთი თანამდებობის პირი, თუმცა, დაუსჯელობა პრობლემად რჩება.

პრესის თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, მედიისთვის. თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.

სახდეპი წერს, რომ შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 2024 წლის აპრილ-მაისში პირველ რუსულ კანონს და 28 ნოემბრის შემდეგ, ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებს მოჰყვა, პოლიცია თავს დაესხა არაერთ ჟურნალისტს, შეავიწროვა ისინი, შეასხა წიწაკის სპრეი და/ან დაუზიანა ტექნიკა.

„7 დეკემბერს 30-ზე მეტმა ტიტუშკამ (არაიდენტიფიცირებული თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, შავებში არიან ჩაცმულები და სახეები დაფარული აქვთ) იძალადა აქციის მონაწილეებზე, შემდეგ კი თავს დაესხა „ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ იღებდნენ. ცემის შემდეგ მათ გიორგი შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს“, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ „civil.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, ტიტუშკების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის კოორდინაციის ნიშნები ჩანს”.

„სოციალურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევაზე, როდესაც საპატრულო პოლიცია არ ჩაერია, როდესაც სავარაუდო ტიტუშკები მედიასა და დემონსტრანტებს თავს დაესხნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ისინი ტიტუშკებთან თანამშრომლობდნენ”.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტები და აქტივისტები იღებდნენ მუქარის ზარებს, იყო სახლებთან და ოფისებთან ვანდალიზმის შემთხვევები, შეურაცხმყოფელი პოსტერების და მანქანების დაზიანების ჩათვლით. მედიაომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა, რომელიც ეხებოდა 15 ჟურნალისტს, რომლებიც აპრილსა და მაისში პარლამენტის წინ და მის გარშემო გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედიაომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანების, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმებისა და დაშინების შესახებ. 2024 წლის ბოლოსთვის მთავრობას ეს ცნობები არ გამოუძიებია.

ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, ხელისუფლებამ ან დაუდგენელმა თავდამსხმელებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, იძალადეს ათობით მედია პროფესიონალზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებებს შორის არის ხერხემლის მოტეხილობები, სახის მოტეხილობები და ქიმიური დამწვრობა; რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მედია პროფესიონალების ცნობით, ხელისუფლებამ ან დაუდგენელმა თავდამსხმელებმა გაანადგურეს მათი აღჭურვილობა გადაღებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

სახდეპი წერს, რომ ხელისუფლება ცდილობდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს იძულებისა და დაშინების გზით. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში ეუთომ განაცხადა, რომ „ამომრჩევლების დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებმა გამოიწვია წუხული, რომ ზოგიერთმა ამომრჩვეელმა შესაძლოა ხმა ვერ მისცა შურისძიების შიშის გარეშე”.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის აპრილში აკრედიტებული ონლაინმედიის ჟურნალისტებს აუკრძალეს დასწრებოდნენ სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის შესახებ” კანონი განიხილებოდა – პარლამენტის შიდა უსაფრთხოების ზომების საფუძველზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს.

ანგარიშში წერია, რომ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გააკრიტიკა ეს ქმედება და პარლამენტს მოუწოდა შეწყვიტოს დისკრიმინაციული პრაქტიკა და ყველა ჟურნალისტს მისცეს შესაძლებლობა გააშუქოს სხდომები. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსმა შეზღუდვებმა გააუარესა ონლაინმედიის ჟურნალისტებისთვის პირობები, შეზღუდა საზოგადოების წვდომა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინფორმაციებზე”.

სახდეპი აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის” შესახებ კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტმა, დეპუტატების საჩივრების საფუძველზე სხვადასხვა კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს: „მთავარის”, „ფორმულასა” და „ტვ პირველის” ჟურნალისტებს აკრედიტაციების 6 თვით შეუჩერა.