მოქალაქეების ჯგუფთან ერთად ღამე პარლამენტთან ვიყავით. დილის გეგმები შეიცვალა - ხოშტარია

პუბლიკა

„დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არ იბრძვის მშვიდობისთვის და არ არის უკრაინის გვერდზე, ის არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით მოქალაქეების ჯგუფმა ღამე პარლამენტთან გაათია.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის ქმედითი დახმარება და ასევე, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომ ევროკავშირში მოვითხოვოთ წევრობა. ჩვენ, ასევე, აქციების პარალელურად, გვექნება საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრები, დღის განმავლობაში, იმ ახალგაზრდების ჯგუფებთან, რომლებიც მოდიან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი არ არის არცერთი პარტიის. ამ პროტესტის ფორმებზე, შინაარსზეც, შემართებაზეც, ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ჩართულობა, ამიტომ აბსოლუტურად ყველას, ყველა მოქალაქეს, რომელიც არის დღეს ნამდვილად ძალიან გაბრაზებული, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, რომ ერთად წარვმართოთ ეს პროცესი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გუშინ, ელენე ხოშტარიამ აქციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებდნენ, ღამით პარლამენტის წინ დარჩებოდნენ და დილით 8 საათზე კანცელარიასთან გადაინაცვლებდნენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს კანცელარიაში შესვლის საშუალებას არ მისცემდნენ.