მოქალაქეების სახლებთან, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს ტოვებენ

პუბლიკა

მოქალაქეების სახლებთან, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ წარწერებს ტოვებენ.

განახლება: ,,ოცნების” დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ ამის უკან თავად დგას.

„ხელისუფლების დავალებით, ღამით, ისევ გააკეთეს შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი წარწერები იმ შენობის კედლებზე, სადაც მთის ამბები / საქართველოს ამბების რედაქციაა განთავსებული. მანამდე, 9 მაისს, ღამით, იგივე შინაარსის პლაკატები გააკრეს“, – წერს „მთის ამბები“.

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მუქარის გზავნილი დატოვეს მისი თანამშრომლის, ილია გუჩმანიძის კედელთან.

წარწერები გააკეთეს სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც – „თბილისი პრაიდის“ და „საფარის“, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ასევე ბათუმში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კედლებზე.

კედლებზე წარწერების ამსახველ ვიდეოებს, ძირითადად, სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხები ავრცელებენ.

დილიდან აჭრელებულია ოპოზიციური პარტიების ოფისის ფასადები. წარწერა დატოვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახლთანაც. ვიდეო ზურა ჯაფარიძემ თავად გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ ნიღბიანი პირები სადარბაზოს კედელთან წარწერებს აკეთებენ.


„გირჩი-დროას ოფისზე ძალიან დიდი მონდომებით იმუშავეს, მაგრამ კალიგრაფია, აიქიუ და ფანტაზია არ უვარგათ“, – წერს „დროას“ წევრი თამარ კაკაბაძე და ვიდეოს ავრცელებს. „დროას“ წევრის, შუშანა მაცაბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კედლები ნიღბიანმა პირებმა ააჭრელეს.


წარწერა დატოვეს ბათუმში „ახალის“ ოფისზე. ვიდეო ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, TV 25-მა გაავრცელა. წარწერა დატოვეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზეც.

შეურაცხმყოფელი წარწერებია დატოვებული „ევროპული საქართველოს“ ოფისის კედელზე. ფოტო- ვიდეომასალას პარტიის წევრები ავრცელებენ.

სახლების და ოფისების კარებზე შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ წარწერებს რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებს, სამოქალაქო ორგანზაციებს, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს მაისის დასაწყისშიც უტოვებდნენ.

ამ მეთოდს ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები ხელისუფლების კრიტიკოსებისა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დასაშინებლად და გასაჩუმებლად იყენებენ.