მოქალაქეებისთვის აშშ-ის საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით 3 პირი დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში უკანონოდ გამგზავრებასა და დარჩენაში დახმარებას სთავაზობდნენ.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ. აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები“, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.