მოქალაქეებმა 1 წლის შემდეგ უნდა გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები გავლენას ახდენს ეპიდვითარებაზე | ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე დღეს მოქმედი რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში გათვალისწინებული იყოს და თანაბრად მკაცრად დარეგულირებული ეს სიტუაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა 1 წლის შემდეგ გაიგონ იმის თაობაზე, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიის მატებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩვენ რიგ შემთხვევაში წუხილი და დღესასწაული გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როდესაც არ იქნება ეპიდმდგომარეობა ასეთი კრიტიკული და არ გავამწვავოთ ამით საქართველოში არსებული ვითარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების „სტაბილიზაცია მოქალაქეებისთვის გახდა ძალიან დადებით მესიჯი და უკვე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, პანდემია კი ამის უფლებას არ გვაძლევს“.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული მოწოდებები გვაქვს, თუ რამდენი ადამიანის შეკრება არის დასაშვები. მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ. იმპერატიული შეზღუდვა ამ შემთხვევაში არ არის დაგეგმილი და ეს გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ უარესდება ეპიდსიტუაცია, რა შედეგამდე მიგვიყვანს ეპიდსიტუაციის გაუარესება და იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე – რამდენად მკაცრი დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა თავად, დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომლებიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა განაცხადა, რომ, თუკი მოქალაქეები და ტურისტები რეგულაციებს დაიცავენ, სიტუაციის მართვა შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება რისკი და ამის გათვალისწინებით, საბჭო იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს თითოეულ დაგეგმილ ღონისძიებასთან მიმართებით.