საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო პნევმოკოკის ვაქცინით აცრების გაკეთებას ამირან გამყრელიძის რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ვაქცინების გაკეთება უმჯობესია პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს:
„ჯანდაცვის სამინისტროში კონკრეტულად პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ასევე დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს [პნევმოკოკის ვაქცინა] ტესტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ პარტნიორების რეკომენდაციებს. მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული, შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს არანაირი პრობლემა და საფრთხე არ შეექმნებათ არც პანდემიისას და არც პანდემიის დასრულების შემდეგ“.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პნევმოკოკზე აცრიან, რადგან მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა საქართველოში გააანალიზეს ძირითადი დაავადებები და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები, რის შემდეგაც, მათ დაინახეს, რომ მოწყვლად ჯგუფებში ხშირია პნევმონია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ დაინერგება პნევმოკოკის აცრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პანდემია და ეპიდემია გადაივლის.
გამყრელიძე ამბობს, რომ ეს ბევრ ქვეყანაშია ნებაყოფლობითია და მართლაც იცავს მათ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან, მაგრამ თუ რა გავლენა აქვს მას კორონავირუსულ ინფექციაზე, ამაზე ჯერჯერობით კვლევები არ არსებობს.