მოქალაქეებს ელოდებათ ღირსეული ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო - ტიკარაძე ევროპაში დასაქმებაზე

პუბლიკა

„ჩვენ მოქალაქეებს მივეცით შესაძლებლობა, დროებით დასაქმებულიყვნენ ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყანაში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივ სექტორში და საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმება.

„ცირკულარულ მიგრაციაზე მსურს გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რადგან გერმანიაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობამ, გარკვეული ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არალეგალური ემიგრაცია, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პრობლემური საკითხია, რომელსაც მნიშვნელოვნად აწესრიგებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ არსებული შეთანხმება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთანხმება უფრო მეტად აახლოებს ქვეყნებს, რომლებიც კანონის სრული დაცვით უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას შრომის ბაზრის შესახებ.

„გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებლის მომტანი“, – აღნიშნა მინისტრმა.