მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, შეეძლებათ აცრაზე წინასწარ რეგისტრაცია – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, შეიქმნება ვებპორტალი, რომელზეც ვაქცინაციაზე წინასწარ დარეგისტრირება შეეძლება ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება.

„ვებპორტალი გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად.

ასევე, მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, თუ რა ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა.

მისი თქმით, საყოველთაო ვაქცინაციისთვის აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია, იმისთვის, რომ შედგეს მსურველების სია და სამინისტრომ იცოდეს, რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული.

„მასობრივი, ასეთი ფართო ვაქცინაციის ეტაპები, ჩვენი გეგმის თანახმად, დაგეგმილია მე-3-მე-4 კვარტალში, თუმცა მანამდე, დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ამ ვაქცინების“, – თქვა მან.