„დამნაშავეებმა მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ მიდიოდნენ" | პუტინმა მოქალაქეებს მიმართა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმიდან 19 საათის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და თავდასხმას „ბარბაროსული ტერორისტული აქტი“ უწოდა.

სატელევიზიო მიმართვაში პუტინი ამბობს, რომ ოთხივე დამნაშავე ნაპოვნია, თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს და მომხდარის შემდეგ „უკრაინის მიმართულებით გაემართნენ”. მისივე თქმით, ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და დამკვეთი სამართლიანად დაისჯება.

„ტერაქტის ოთხივე უშუალო შემსრულებელი, ყველა, ვინც ესროდა და კლავდა ადამიანებს, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი მიმალვას ცდილობდნენ და უკრაინის მიმართულებით გადააადგილებოდნენ, სადაც წინასწარი ინფორმაციით, მათთვის უკრაინული მხარის მიერ იყო მომზადებული ე.წ. ფანჯარა, რათა ტერორისტებს სახელმწიფო საზღვარი გადაეკვეთათ. სულ 11 ადამიანია დაკავებული.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და სხვა სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ ყველა ტერორისტული ბაზის გამოვლენაზე – ასევე მუშაობა მიდის იმათ გამოვლენაზე, ვინც ტერორისტებს ტრანსპორტით უზრუნველყოფდა, უნიშნავდა უკანდასახევ გზებს, ამზადებდა საბრძოლო მასალების სანახებსა და სამალავებს. ვიმეორებ, საგამოძიებო ორგანოები დანაშაულის ყველა დეტალის გამოვლენაზე მუშაობენ.

თუმცა უკვე ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არამხოლოდ ზედმიწევნით და ცინიკურად დაგეგმილ ტერორისტულ აქტთან, არამედ საქმე გვაქვს წინასწარ მომზადებულ და ორგანიზებულ მშვიდობიანი, დაუცველი მოსახლეობის მასობრივ მკვლეობასთან. დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ სწორედ რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების დასახვრეტად”, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, მეხანძრეებსა და მაშველებს კი მადლობა გადაუხადა.

„ქვეყნის მასშტაბით 24 მარტს გლოვის დღედ ვაცხადებ. მოსკოვსა და მოსკოვის მახლობლად, ქვეყნის ყველა რეგიონში მიღებულია ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ხასიათის დამატებითი ზომები. ახლა მთავარია, არ მივცეთ მათ საშუალება, ვინც ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის უკან დგას, ჩაიდინოს ახალი დანაშაულები”, – განაცხადა პუტინმა.


ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში თავდასხმას 133 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან 3 ბავშვია. 121 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 41 პირის ცხედარია იდენტიფიცირებული.

„კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს.

დასავლური მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.