შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.
უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა.
შსს-ს თქმით, ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ბრალდებულის დაკავებისთვის სპეცოპერაცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტელეკომპანიის ცნობითვე, პირს ჩიჩხიტურის კოშკის მონახულება სურდა, რისი საშუალებაც ივნისიდან შეზღუდულია, ტერიტორიას კი საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს. როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, საუბარია საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე.
„დღეს კი ადგილობრივმა გადაწყვიტა, რომ მისულიყო ჩიჩხიტურის მონასტერში, მოენახულებინა ის, რისი საშუალებაც არ მისცეს სამართალდამცველებმა. „ფორმულას” წყაროს ცნობით, ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ ჩამოართვა იარაღი ქართველ მოსაზღვრეებს და რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. ამგავრი მეთოდით ცდილობდა ის, რომ ასულიყო მონასტერში“, – ამბობს „ფორმულას“ კორესპონდენტი ადგილიდან.