მოქალაქემ პარლამენტში წინადადება შეიტანა, ის „საკვების ბანკის“ შექმნას ითხოვს

პუბლიკა

საქართველოს მოქალაქემ, დავით მებაღიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა „საკვების ბანკის შექმნის“ შესახებ.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, სიღარიბისგან გამოწვეული შოკის შესამცირებლად, ასევე არასამთავრობო სექტორის სოციალურად განსავითარებლად საჭიროა, შეიქმნას საკვების ბანკი.

„საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა მთელ ევროპაში დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა საკვებს, რომელსაც ვადა გასდის და შენახულია მაცივარში, ვარგისიანობას ინარჩუნებს 1-2 და ზოგიერთი პროდუქტი 3-თვეც. საკვების ბანკი, რომელიც ფართოდ ითანამშრომლებს ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს ღია და ფარული შიმშილის პრობლემის მოხსნას”, – აღნიშნავს ავტორი.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მოყვანილია ორი მაგალითი:

  • ფრანგული მაგალითი: ეკონომიკური საქმეების კომისიის თავმჯდომარის გიომ გაროს კანონი:

კანონი ითვალისწინებს დიდი და საშუალო ზომის სასურსათო მაღაზიების/ დაწესებულებების შეთანხმების ხელმოწერას. პარტნიორობა გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც საკვების გაფლანგვას შეამცირებს.

ავტორს მოყვანილი აქვს საფრანგეთში სურსათისა და საკვების ნარჩენების შესახებ რამდენიმე მონაცემი:

– კანონის ამოქმედებამდე 10 მილიონი ტონა პროდუქტი იკარგებოდა და იფლანგებოდა ყოველ წელს.

– 2016 წელს 67 000 ტონა საკვები პროდუქტი (105 000 ტონიდან) გადაარჩინეს განადგურებისგან საკვების ბანკებმა.

– საკვების ფაგლანგვის ღირებულება 1 წელში 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით 160 ევროდ ფასდებოდა, ანუ მაქსიმუმ 20 მილიარდი ევრო წელიწადში.

– ყოველ წელიწადს 4 მილიონამდე ადამიანი ითხოვს სასურსათო დახმარებას და 2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 14% იყო სიღარიბეში.

ავტორი მიმართავს თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო წინადადება შემდგომი განხილვისთვის გაუგავნოს შესაბამის კომიტეტს, „რათა აღარ იყვნენ საჯარო სივრცეში საჭმლის შესაძენად მოწყალებისთვის გამოსული ადამიანები”.

საქართველოს პარლამენტის 13 მაისის ბიუროს სხდომაზე  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსა და აგრარულ კომიტეტს დაევალა, განიხილონ მოქალაქე დავით მებაღიშვილის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.


2014 წელს გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად წარმოებული საკვების 40% ნაგავსაყრელზე ხვდება. ევროპაში კი ყოველწლიურად ას მილიონ ტონა პროდუქტს ყრიან.

როგორც გაეროს ანგარიში აჩვენებს, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედს არადანიშნულებისამებრ იყენებენ, მაშინ, როდესაც შიმშილობის ზღვარზე მყოფ მოქალაქეთა რიცხვი მილიარდს აღწევს.