მარნეულის მკვიდრ მელიქ აღიევს მარნეულის იუსტიციის სახლში რუსულ ენაზე გაესაუბრნენ და აღიევის თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა თანამშრომელმა მას განუცხადა, რომ აზერბაიჯანულ ენაზე საუბარი აკრძალული აქვთ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ქვემო ქართლში მომუშავე აზერბაიჯანულენოვან რეგიონალურ მედიაორგანიზაციაზე interpress.ge-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემამ ინფორმაცია 2 თებერვალს გამოაქვეყნა.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ამგვარი პრაქტიკა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების სისტემური პრობლემაა.
„როგორც ქვემო ქართლში ასევე, სამცხე ჯავახეთში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, მრავალჯერ მოგვისმენია, რომ იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე არ ემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობს ჯავახეთშიც. Jnews.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალქალაქში მოსახლეობას იუსტიციის სახლის ეთნიკურად სომეხ თანამშრომლებთან სომხურ ენაზე საუბრის უფლება არ აქვთ, რაც ხშირად იწვევს უთანხმოებას და გაუგებრობას მოსახლეობასა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შორის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა პრობლემურია და გამრიყავია ეთნიკური უმცირესობებისთვის.
„მაშინ როცა სახელმწიფო უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს და ქართული ენის სწავლების მიმართულებით მნიშვნველოვანი სისტემური ჩავარდნებია, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა საჯარო სერვისი და პროგრამა თარგმნოს მათთვის გასაგებ ენაზე. აღნიშნული პოზიცია მომდინარეობს, როგორც ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს, ცენტრალური ხელისუფლების სხვა რეგიონულ სამსახურებს და მუნიციპალურ ორგანოებს მოუწოდებს შექმნას თარგმნის რესურსები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რათა მათთვის სერვისების მიწოდების პროცესში, არ მოხდეს მათი სპეციალური საჭიროებების და კონტექსტის უგულებელყოფა და არ დაუშვან ამ ადამიანების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი უფლებების დარღვევა.
მალიქ აღაევის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.