მოქალაქე, პროტესტის მონაწილე ანი ახმეტელი წერს, რომ შსს აქციაზე ტროტუარზე დგომით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავება.
„და დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა. დღეს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას, 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომით შემიქმნია დაბრკოლება/შეფერხება ხალხისთვის, რითაც დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნტის მოთხოვნები.
ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული.
მოკლედ, 25 დეკემბერს, 11 საათზე დამინიშნეს პროცესი მოსამართლე ზვიად ცეკვავასთან, 41-ე დარბაზში (რა სიმბოლურია). ბრძოლა გრძელდება ამ უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“. – წერს ანი ახმეტელი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს კიდევ უფრო გაამკაცრა პროტესტთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
კერძოდ:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, „ხალხის სავალი გზის“ „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.
თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ოქტომბერში მიღებული ჩანაწერის საფუძველზე – კერძოდ, „ხალხის სავალი ნაწილის” გადაკეტვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ მუხლში ჩაემატა, რომელიც განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს [იგულისხმება გზის გადაკეტვისა და პირბადით სახის დაფარვის განმეორებით ჩადენის კრიმინალიზება].