სოციალურ ქსელში ივიკო ფრუიძე წერს, რომ თბილისში ერთ-ერთ ბარში გამოსვლის წინ ანგარიში მოითხოვა და შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად ანგარიშში ოცხდახუთი ეწერა. მისი თქმით, ეს ამბავი გააპროტესტა, რის გამოც სცემეს. მისი თქმით, შემთხვევა პეკინზე, Skygirls bar-ში მოხდა.
„თან მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ.
თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არისმეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.
მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება.“ – წერს ივიკო ფრუიძე.
მისი თქმით, ამის შემდეგ მასთან მივიდი დაცვა, გაიყვანა გარეთ, გამოკითხა და რის შემდეგაც ის შებრუნდა ბარში, რადგან დაცვის წევრებმა უთხრეს, რომ ბარში მყოფი მისი მეგობარი ეძახდა.
„დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის.
მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ… წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში.“ – წერს ივიკო ფრუიძე.
მისი თქმით, ამის შემდეგ გამოვიდა ბარიდან და დარეკა პატრულში. პატრულის მისვლამდე მისი მონაყოლის მიხედვით ისევ ჰქონდა დაცვის წევრებთან კონფლიქტს ადგილი.
„ამდროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.
მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან – არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა.
დაცვის 5 წევრიდან და ერთი ბარის პერსონალიდან 2 დაცვის წევრი დარჩა ადგილზე (დანარჩენი 4 მოძალადე გადაიმალა) დარჩენილებს რათქმაუნდა ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.“ – წერს ფეისბუქზე ივიკო ფრუიძე.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია დაცვის დანარჩენი 3 წევრის ბედი და ბარის პერსონალის, რომელიც მისი თქმით, დაგდებულს სკამს ურტყამდა. მისი თქმით, ამოღებულია კამერები, იდენთიფიცირებულია ყველა პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.