მოქალაქის წინადადებით, პარლამენტს „დარბაზი", დეპუტატს კი „დარბაისელი" უნდა ეწოდოს

პუბლიკა

მოქალაქე ომარ ჯორბენაძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და სხვადასხვა საკითხს შორის ყურადღებას პარლამენტის სახელწოდებაზეც ამახვილებს.

კერძოდ, მას მიაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ ქართული ისტორიის დანატოვარი და საქართველოს პარლამენტს ეწოდოს „დარბაზი”, ხოლო პარლამენტის წევრის ქართული დასახელება იყოს „დარბაისელი”.

საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამარის მეფობისას დიდებულების ნაწილი ყურთლუ არსლანის მეთაურობით განუდგა მეფეს, მოითხოვა მეფის როგორც ერთპიროვნული მონარქის უფლებების შეზღუდვა (აქ დეტალებში არ შევალ) და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას დიდებულების მონაწილეობის აუცილებლობა.

თამარ მეფემ გააგზავნა მოსალაპარაკებლად ორი ქალი, კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა ქართული „პარლამენტი“, რომელსაც ეწოდა დარბაზი. ხოლო „პარლამენტის წევრებს“ „დარბაზის ერს“ ეწოდათ „დარბაისლები“, ეს ხდებოდა დაახლოებით 900 წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ სახელი „პარლამენტი“ ჰქვია ისეთი ქვეყნების პარლამენტს როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რადგან მათ ენაში სხვა სიტყვა პარლამენტის როგორც საკანონმდებლო ორგანოს აღმნიშვნელი არ არსებობს.

მაგალითად, უკრაინის პარლამენტს ჰქვია Верховна Рада України, რუსეთის პარლამენტს ჰქვია სახელმწიფო სათათბირო  – Государственная дума, თურქეთის – თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა – Türkiye Büyük Millet Meclisi და ასე შემდეგ.

მსგავსად გამოვიყენოთ ქართული ისტორიის დანატოვარი და საქართველოს პარლამენტს ეწოდოს დარბაზი, ხოლო პარლამენტის წევრის ქართული დასახელება იყოს დარბაისელი. შეიძლება პირველ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალოს საკონსტიტუციო ცვლილება და შემოვიფარგლოთ რეგლამენტით, რათა ენა და ყური შეეჩვიოს სიახლეს”, – ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში. 

კომიტეტმა საკითხს მხარი არ დაუჭირა.

„ყველა ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზეა დარეგულირებული – სახელიც, ვადებიც, შემადგენლობაც. ასე რომ, ამ პიროვნების ამ ინიციატივას ვერ დავუჭერთ მხარს და წინააღმდეგს ვაძლევთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.