„მოქმედებდნენ „შლაპას“ მითითებით" - შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1959 წელს დაბადებულ რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს – ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს – ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ა.ც.-ს, ბ.თ.-სა და მას შორის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.