საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პასუხი მოჰყვა.
ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს, კონკრეტულად კი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუთითა, რომ მათ ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ, რადგან მათი ხელისუფლების დროს ჩადენილმა დანაშაულებმა ადამიანების სიცოცხლე ხელყო.
„ამ განცხადებებს საერთოდ არ გავცემდით პასუხს, რომ არ გაგვხსენებოდა, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს, სწორედ ამ ადამიანებს, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
9 წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული და დღეს რომ საუბრობთ სიცოცხლის უფლებაზე, მე შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც გამოიწვია ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. თქვენ საერთოდ მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე ისაუბროთ“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2012 წლიდან 12-ჯერ შემცირდა საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების სიკვდილიანობა, რადგან „შეწყდა პატიმრების მკვლელობა, წამება და გაუპატიურება“ – რაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით სისტემის ჩადენილი დანაშაულები იყო.
მმართველი გუნდის ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან მკურნალობს საავადმყოფოში, რაც სასჯელაღსრულების სისტემის შეცვლის შედეგია.
კობახიძის თქმით, ოპონენტების საუბარი „ცარიელი სპეკულაციაა“.
„ვერც ერთი ვერ საუბრობთ დიაგნოზზე, ვერ ამბობთ, მიხეილ სააკაშვილი ემორჩილება თუ არ ემორჩილება ექიმების დანიშნულებას და ინსტრუქციებს… ასეთ პირობებში ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა.
მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა „კალიასკით“, ეტლით, უკაცრავად, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია. ეს იყო მისი პირველი და ბოლო გამოჩენა იყო ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან. რატომ? იყო მარტივი სიმულაცია. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე? ამ შეკითხვებზე პასუხებია გასაცემი დიაგნოზით“, – თქვა მან.
კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის საკითხით ქვეყანაში ვითარების არევა სურს, რის საშუალებაც მათ არ მიეცემათ.
„ვერ არიეთ ეს ქვეყანა, დააანონსეთ ცხელი შემოდგომა, არაფერი სიცხელე არ ეტყობოდა ამ შემოდგომას და ისევ მიუბრუნდით თქვენს ბოლო იმედს, ეს არის სააკაშვილი და მისი გათავისუფლება.
ერთადერთი, რისთვისაც გინდათ თავისუფალი სააკაშვილი, ეს არის ბოლო იმედი, არიოთ ვითარება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩამოიყვანეთ და ჩამოიყვანეს ის საქართველოში ვიღაცებმა, ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ვითარების არევა და მეორე ფრონტი“, – განაცხადა მან.
კობახიძის განცხადებით, პატიმრის გათავისუფლებას სასამართლო განსაზღვრავს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.