პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ყველაფერი გაჩერებულია ქვეყანაში ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გარდა.
„სამარცხვინო არის აბსოლუტურად. ახლა ამათ ჰგონიათ, რომ რახან პანდემიაა, ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს, არც ოპოზიციის მხრიდან და არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საელჩოების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებმაც, ფაქტობრივად, თავიანთ რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, საარჩევნი საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმებაც არ იქნება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა. ადვოკატის თქმით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე იყო ბრალდებული. ის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, მაგრამ სასამართლომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.