მორიგ დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გადადგომასაც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მოითხოვენ, კორონავირუსის შემთხვევების მატებასა და ვაქცინაციის საჭიროებაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ვაქცინაციის წარმართვა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკის შენარჩუნებისთვისაც, რადგან მორიგ დაკეტვას საქართველო ვეღარ გაუძლებს.

„ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სიცოცხლის დაცვისთვის, ჩვენი ახლობლების, მეგობრების და შვილების სიცოცხლის დაცვისთვის.

მეორეს მხრივ, კი ეკონომიკის შენარჩუნებისთვის. მორიგ დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა.

მე წინასწარ მინდა ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება დამატებით ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და გართულდება სიტუაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19%-ია, გარდაიცვალა 26 ადამიანი.