პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ძირითადი სასურსათო პროდუქციის ფასები და პირველადი მოკვლევით, აღმოჩნდა, რომ იმპორტიორები 50-80%-იან ფასნამატს აკეთებენ. ღარიბაშვილმა დაავალა მთავრობის წევრებს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამ საკითხზე მოძებნონ გამოსავალი.
„მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების შესწავლა. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები. რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით მუშაობენ. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი.
მინდა საზოგადოებას წარვუდგინო პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე – ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ზეთი და სხვ. აღმოჩნდა, რომ საბითუმო ფასებზე, არათუ გასაყიდ ფასებზე, 50%, 60%, 70%, 80% არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, 25-30% და გამოდის, რომ ჯამში, ჩვენს მოსახლეობას უწევს 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა. რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენი მხრივ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც ქვეყანაშია იყოს მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი.
ამიტომ მე მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის ძიებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი.