ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” ინფორმაციით, „შუახევი ჰესმა”, რომელიც 2017 წელს ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა, ოპერირება განაახლა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო.
„მწვანე ალტერნატივა” წერს, რომ „შუახევი ჰესის” კომერციული ოპერირების დაწყების შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაცია პროექტის მეწილემ, მსხვილმა ინდურმა ენერგოკომპანიამ „ტატა ფაუერმა“ 30 მარტს გაავრცელა. თუმცა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ჩანაწერების მიხედვით ჩანს, რომ ჰესი მარტის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სოფლებთან, დასახლებული ადგილებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გაურკვეველი წყაროებიდან წყლის გაჟონვა.
„შუახევის ჰესი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. თითქმის ათეული წლის განმავლობაში, მისმა მშენებლობამ და ოპერირებამ არაერთი პრობლემა და ხმაური გამოიწვია. „მწვანე ალტერნატივა“ მშენებლობის დაწყებამდე საუბრობდა პროექტისთვის ჩატარებული კვლევების ნაკლებობასა და საფრთხეებზე, რაც მას ადგილობივ მოსახლეობასა და გარემოზე შეეძლო მოეხდინა”, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა”.
„წლებია, ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის შედეგებზე ჩივის და მშენებლობის პროცესმა უკვე აჩვენა, რომ მას შეუძლია მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს საფრთხე შეუქმნას. მას შემდეგ, რაც ჰიდროელექტროსადგურმა მარცხი განიცადა 2017 წელს, კომპანიამ უამრავი ფული დახარჯა მის შეკეთებაზე, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც ზიანი განიცადა, კომპანიისგან პასუხი კვლავ არ მიუღია, – ამბობს მანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, – ახლა პროექტი სრული დატვირთვის ამუშავებას იწყებს და სოფლებშიც შიში ბრუნდება. საბოლოო ჯამში კი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, ისევე როგორც 3 წლის წინ გვირაბების ჩამოშლაზე, არავინ იღებს და შესაბამისი ზომები მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად მიღებული არ არის“.
„მწვანე ალტერნატივას” სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე;