მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს – NDI

პუბლიკა

მოქალაქეები (53%) ამბობენ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს; მოსახლეობის 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ, თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, –  ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.

კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).