მოსახლეობის 10% EU-ში გაწევრების წინააღმდეგია, ძირითადად, ტრადიციების დაკარგვის შიშის გამო - CRRC

პუბლიკა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, მოსახლეობის 10% EU-ში გაწევრების წინააღმდეგია, ძირითადად, ტრადიციების დაკარგვის შიშის გამო.

შეკითხვაზე – „რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას?“ – მოსახლეობის 10%, ვინც ეწინააღმდეგება ევროინტერგაციას, მიზეზებად ასახელებს:

  • საქართველო დაკარგავს ტრადიციებს – 37%
  • საქართველო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას – 27%
  • ეს ხელს შეუშლის რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს – 26%
  • ახალგაზრდები დატოვებენ საქართველოს – 15%
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაკლები შანსი ექნება – 13%
  • საქართველოში ცხოვრების პირობები გაუარესდება – 13%
  • ევროკავშირი მეტ ლიბერალურ ღირებულებებს გააძლიერებს საქართველოში – 12%
  • საქართველოს მოუწევს დათანხმდეს მიგრანტების მიღებას – 8%

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა მაღალია. კვლევის მიხედვით, 72% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას, 10% კი ეწინააღმდეგება.

კვლევის მიხედვით, მარტში პროევროპულმა გამოსვლებმა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა. შეკითხვას დადებითად 81%-მა უპასუხა. იკლო მოწინააღმდეგეთა რიცხვმაც – 8%.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.