მოსახლეობის 21%, მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის/უსამართლობის შემთხვევაში, სიტუაციის მოსაგვარებლად კრიმინალური სუბკულტურის წევრებს მიმართავდა, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც ერთ-ერთ მიზნად კრიმინალური სუბკულტურებისა და დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ დამოკიდებულებებისა და განწყობების შესწავლას ისახავდა.
(„კრიმინალური სუბკულტურა გულისხმობს გარკვეული კრიმინალური ფასეულობების აღიარებას, გაზიარებას და კანონდარღვევას კი, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“).
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრისა (GCRT) და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.
კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ 16%-ის თქმით, მსგავს შემთხვევებს პოლიციას არ შეატყობინებდა. ასევე, მოსახლეობის თითქმის მეხუთედისთვის მისაღებია, თუ ადამიანი მის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში ქურდული სამყაროს წევრებს დაუკავშირდება.
მათივე თქმით, მონაცემები გამოკვეთს, რომ საქალაქო ტიპის დასახლებებში, სოფლებთან შედარებით, ასევე დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთთან შედარებით, უფრო მეტად იკვეთება კრიმინალური სამყაროს გავლენა და მიმღებლობა.
„საზოგადოებაში ანტიკრიმინალური ცნობიერების მნიშვნელოვან ხარვეზზე მიუთითებს გამოკითხვის ის შედეგი, რომ ერთი მხრივ, რესპონდენტთა 16% მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში პოლიციას არ შეატყობინებდა; მეორე მხრივ, საერთო შერჩევის 21% მსგავს შემთხვევაში სიტუაციის მოსაგვარებლად კრიმინალური სუბკულტურის წევრებს მიმართავდა. მართალია, რესპონდენტთა ძირითადი ნაწილი ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა, თუმცა, დასახელებული წილი (ჯამში თითქმის 40%) საკმარისია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პოლიციისადმი შესაძლო უნდობლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კრიმინალური სუბკულტურების სერიოზულ გავლენაზე ვიმსჯელოთ. ამას მოწმობს ისიც, რომ თითქმის ყოველი მეხუთე რესპონდენტისთვის (18%) მისაღებია, თუ ადამიანი მის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში ქურდული სამყაროს წევრებს მიმართავს”, – ამბობენ კვლევის ავტორები.
რესპონდენტთა საშუალოდ მეხუთედი (19%) კრიმინალური სუბკულტურის გავლენასა და პრესტიჟთან დაკავშირებულ შემდეგ პოზიციებს იზიარებს:
კვლევის შედეგებით, ყოველი მეოთხე (24%) უჩივის იმას, რომ პოლიცია პასიურად არის ჩართული სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებში, რასაც აბრალებენ შერჩევით მართლმსაჯულებას, არაკვალიფიციურ საპოლიციო კადრებსა და პოლიციაში ადამიანური რესურსების ნაკლებობას.
პოლიციაში მუშაობა დაახლოებით ყოველი მეხუთე მოქალაქისთვის (19%) არაპრესტიჟულია, 39%-თვის კი – პრესტიჟული. 40%-ს არ სურს, რომ მისი ოჯახის წევრი პოლიციაში დასაქმდეს. ამის მიზეზებად ძირითად სახელდება ის, რომ ა) პოლიციელობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობაა და ბ) პოლიციას არ აქვს მაღალი ლეგიტიმაცია საზოგადოებაში.
რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილის შეფასებით, უბნებში არსებული „ბირჟები“ გავლენას ახდენს (ძალიან ახდენს ან უფრო ახდენს) როგორც ზრდასრულების, ასევე, არასრულწლოვანების ქცევითი ჩვევების განვითარებაზე/ჩამოყალიბებაზე თუ ცვლილებაზე (51%), მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების წესზე (50%), არაჯანსაღი სოციალური ქსელის (სამეგობრო/სანაცნობო წრის) შექმნაზე (50%) და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე (49%).
რეკომენდაციები:
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის პრევენცია ბავშვებში/მოზარდებში მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას/ინტერვენციებს, რომლებიც მიმართული იქნება ანტისოციალური ქცევის დაძლევაზე. აუცილებელია კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციისადმი ჰოლისტური მიდგომა – იმ ინდივიდუალური, ოჯახური და სოციალური ფაქტორების გავლენის შემცირება (უკეთეს შემთხვევაში, აღმოფხვრა), რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვებში ანტისოციალურ ქცევას. ფართო გაგებით, სხვადასხვა ინსტიტუციას – ოჯახს, სკოლას, თემსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს გასაღებს ბავშვებისთვის პოზიტიური გარემოს შესაქმნელად.
GCRT გამოყოფს რეკომენდაციას 11 მიმართულებით. ესენია: ადრეული ინტერვენცია, პოზიტიური მშობლობა, განათლება და ცნობიერება, დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, თემში ჩართულობა, პოზიტიური როლური მოდელები, თანატოლთა გავლენის მენეჯმენტი (Peer Influence Management), კონფლიქტების გადაჭრის უნარ-ჩვევები, მედია განათლება, სამართლებრივი განათლება, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამები;
მეთოდოლოგია:
კვლევის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად გამოყენებული იქნა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები.
ვინაიდან მასალაში ყურადღება გამახვილებული გვაქვს კვლევის მხოლოდ რაოდენობრივ მონაცემებზე, ამ ქვეთავში მხოლოდ რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიას წარმოვადგენთ.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს 11-ვე რეგიონის მოსახლეობასთან (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ჩატარდა პირისპირ ინტერვიუები. რესპონდენტებად განისაზღვრებიან 15 წლის და მეტი ასაკის პირები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1908 რესპონდენტმა, რამაც უზრუნველყო სტატისტიკურად რეპრეზენტაციული მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2.2%-იანი ცდომილების ფარგლებში.
კვლევა ნაწილია პროექტისა – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელსაც ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი), ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.