საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, იცნობთ თუ არა იმ პარტიების და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, რომლებიც მონაწილეობენ თქვენს ქალაქში, რაიონში ან სოფელში, 26 % პასუხობს, რომ საარჩევნო პროგრამები მათთვის საერთოდ უცნობია.
მოსახლეობის 7% პასუხობს, რომ ძალიან ნაცნობია, ამავე კითხვაზე 37% პასუხობს, რომ საარჩევნო პროგრამები მათთვის მეტწილად ნაცნობია. ხოლო 25%-სთვის მეტწილად უცნობია.
კითხვაზე, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში რომელი კომპონენტი განსაზღვრავს თქვენს ხმას, მოსახლეობის 72% აგვისტოს თვეში პასუხობს, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას.
ამავე კითხვაზე, მოსახლეობის 56% ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში მათთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულება.
წინასაარჩევნო პროგრამებში განათლების პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად ამომრჩეველთა 17% ასახელებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად მოსახლეობის 13 %-თვის სასამართლო რეფორმის კომპონენტია განმსაზღვრელი.
წინასაარჩევნო პროგრამებში მოსახლეობის 10%-თვის საგარეო პოლიტიკის მიმართულება განსაზღვრავს მათ საარჩევნო ხმას. მოსახლეობის 2%-ისაა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი კომპონენტი.
ამ კითხვაზე, გამოკითხულთა 1% პასუხობს „სხვას“. ასევე 1% ამბობს, რომ „არცერთი“. შეკითხვისგან თავს იკავებს ან არ პასუხობს მოსახლეობის 1 %.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.
მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.