მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტმა (39.4%) აღნიშნა, რომ ცხოვრების განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც ყოფილა ჩართული რაიმე ტიპის აზარტულ თამაშში, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში”, რომელიც ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიამ” ჩაატარა.
აზარტული თამაშები, ანუ გემბლინგი განისაზღვრა, როგორც ჩართულობა სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშებში, როგორებიცაა: სათამაშო აპარატები, ონლაინ სათამაშო აპარატები, ონლაინ ფსონების დადება, ლატარია (რესპონდენტის მიერ შეძენილი) ან თუნდაც მეგობრებს შორის ნაძლევი ფსონზე.
კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 15.3%-ს უთამაშია ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხოლო 9.3% ბოლო 1 თვის განმავლობაში.
რესპონდენტების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეეძლო ადმინისტრაციისთვის მიემართა აზარტული თამაშების ანგარიშის გასაუქმებლად.
იმ რესპონდენტებს, რომლებმაც აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში უთამაშია აზარტული თამაშ(ებ)ი, ყოველთვიურად საშუალოდ 93 ლარი დაუხარჯავს. საინტერესოა, რომ რესპონდენტების უმეტესობა გემბლინგზე თამაშის ერთ დღეს ხარჯავდა 10 ლარზე ნაკლებს. გამოკითხულთა შორის ასეთი ადამიანების წილი იყო ყველაზე მაღალი და შეადგინა 7.4%. ბოლო 1 წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ გემბლინგის გამოცდილება ჰქონია რესპონდენტების 15.1%-ს და მათი უმეტესობა აღნიშნავდა, რომ წელიწადში რამდენჯერმე უთამაშია (4.9%), რასაც მოსდევდა აზარტული თამაშების თვეში რამდენჯერმე თამაში (3.4%). ყოველი 8 რესპონდენტიდან ერთი, რომლებსაც ბოლო 12 თვის განმავლობაში უთამაშია აზარტული თამაში, თამაშობდა ყოველდღიურად.
გამოკითხვის ფარგლებში, პრობლემურ მოთამაშედ განისაზღვრა ადამიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში აქვს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ფინანსური (უსესხებია ფული ან გაუყიდია პირადი ნივთები აზარტული თამაშების სათამაშოდ).
ბოლო 12 თვის განმავლობაში პრობლემური თამაში გამოკითხულთა თითქმის 3%-ში დაფიქსირდა. კაცები (5.6%) და 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები (6.7%) უფრო ხშირად აღნიშნავდნენ პრობლემური გემბლინგისთვის დამახასიათებელ ქცევებს.
სხვა რეგიონებთან შედარებით, გურიასა (7.3%) და სამცხე-ჯავახეთში (6.4%) პრობლემური თამაშის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
რაც შეეხება 2015 წლის მონაცემებს, 8 წლის წინანდელი კვლევით:
- ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში რესპონდენტთა 31.3%-ს (2022 წელი – 39.4%);
- 12 თვეში – 16% (2022 წელი – 15.3%);
- თვეში ერთხელ 9.4% (2022 წელი – 9.3%);
მეთოდოლოგია: ზოგად მოსახლეობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გავრცელება და მახასიათებლები ერთ-ერთია იმ ხუთი ძირითადი ინდიკატორიდან, რომლებიც ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ შემუშავდა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერაა აღიარებული.
აღნიშნული კვლევის ძირითადი მიზანია ვალიდური, სანდო და შედარებადი მონაცემების შეგროვება ზოგად მოსახლეობაში (18-64 წელი) ალკოჰოლის, თამბაქოს და არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მასშტაბების, გავრცელებისა და პატერნების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას და ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესს.
ზოგადი მოსახლეობის კვლევა „ალტერნატივა ჯორჯიამ” ჩაატარა მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევით ორგანიზაცია „ტრაექტორიასთან“ ერთად. „ალტერნატივა ჯორჯიამ” ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა კვლევის დიზაინი, ინსტრუმენტი და ტრენინგ-მოდული ინტერვიუერებისთვის, ხოლო საველე სამუშაო განახორციელა „ტრაექტორიამ“ 2022 წლის 4 ივნისი-3 აგვისტოს პერიოდში.