მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო – CRRC

პუბლიკა

CRRC საქართველოს კვლევით, მოსახლეობაში ორადაა გაყოფილი აზრი, საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი.

გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, ხოლო 42%-ის აზრით – ცუდი. გამოკითხულთა 16%-მა უპასუხა, რომ „არ იცის“, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი თქვა.

ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად აფასებენ, მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენის მთავარი უარყოფითი მხარეები საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ტერიტორიების დაკარგვა იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოში რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ასე გამოკითხულთა 64% ფიქრობს, 17%-ის აზრით, საქართველომ ამის გამო ტერიტორიები დაკარგა, 16% კი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იმიტომ იყო უარყოფითი მოვლენა, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა.

საბჭოთა კავშირის დაშლისადმი დადებით დამოკიდებულებას რესპონდენტები დამოუკიდებლობის მოპოვებითა და ეროვნული კულტურის განვითარების შესაძლებლობით ხსნიან.

82%-ის აზრით, მთავარი მონაპოვარი საქართველოს დამოუკიდებლობაა, ხოლო 8-8 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკეთ შეუძლია დასავლეთთან დაახლოება და თავისი ენისა და თვითმყოფადობის დაცვა.

CRRC საქართველოს მიხედვით, მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად მიიჩნევს, უმეტესობა ასაკიანი, ხოლო ვინც კარგ მოვლენად აფასებს – ახალგაზრდა, თუმცა ახალგაზრდებიდან ყოველი მეხუთეც ამ მოვლენას უარყოფითად მიიჩნევს.

18-24 წლამდე ახალგაზრდების 50% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, ხოლო უარყოფითად 21% აფასებს. 28%-მა უპასუხა, რომ არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.

75 წელს გადაცილებულ ადამიანთა შორის კი უმრავლესობა – 79% საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევს, დადებითად კი – 13%.

CRRC საქართველოს მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა წარმოებს აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.

საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს  და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%