ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ეს მაჩვენებელი 2021 წლის თებერვლის შედეგებთან შედარებით გაზრდილია, მაშინ 44%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, დეკემბერში 38%, ხოლო აგვისტოში 32% ფიქრობდა ასე.
19% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 23%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.
გამოკითხულთა 52% კი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.