CRRC-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 76%-ს სმენია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. მათ, ვისაც გაუგია, დამატებით ჰკითხეს, თუ რას მიიჩნევდნენ ევროკომისიის ასეთი გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად.
- 30%-მა რაიმე კონტრეტული მიზეზი ვერ დაასახელა.
- 18% საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებს.
- ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციასა (14%), და წევრობის კანდიდატობის მოთხოვნების შეუსრულებლობას (14%) თანაბარი რაოდენობა ასახელებს.
- 8% აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელი ოპოზიციამ შეუშალა.
- 4% მიზეზად იმას მიიჩნებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაება.
- 3% კი ამაში რუსეთის მთავრობის ადანაშაულებს.
- 1-1% ასახელებს შემდეგ მიზეზებს: მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმას, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, უკრაინის მთავრობის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, და ასევე იმას, რომ ევროკავშირს უბრალოდ არ სჭირდება საქართველო.
- დაახლოებით 5%-მა სხვა მიზეზები დაასახელა, ან პასუხის გაცემა იუარა.
ამავე კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს აუხსნეს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ რუსეთთან ომში ჩაებმებოდა ან მეორე ფრონტს გახსნიდა – რესპონდენტებს ჰკითხეს, მათი აზრით შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული დებულება სიმართლეს.
- მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად, ან საერთოდ არ არის სიმართლე.
- 17% აღნიშნავს, რომ ეს სრულად, ან მეტწილადაა სიმართლე.
- 23%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს
- 1%-მა კი უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 45% არ მოელის, რომ საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე გაატარებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ რეფორმებს, 29% მოელის, რომ აღნიშნული რეფორმები ჩატარდება. 25%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება.
რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, ვის მოიაზრებს ევროკომისია “დეოლიგარქიზაციის” რეკომენდაციაში, რაზეც 52% კი ამბობს, რომ არ იცის, 35% ასახელებს ბიძინა ივანიშვილს, 3-3% ასახელებს მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს, 2-2% – ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს.
შენიშვნა: დამრგვალების შეცდომის გამო წარმოდგენილი პროცენტები შეიძლება არ დაჯამდეს ზუსტად 100%-ზე.
კლევის ფარგლებში 2022 წლის 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ტელეფონით 1 244 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.8% – 4.7%-ია.