მოსახლეობის 63%-ის აზრით, EU-ში შესვლით ქვეყანა ეროვნულ იდენტობას არ დაკარგავს - CRRC

პუბლიკა

CRRC-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ NATO-სა და ვეროკავშირის წევრობა მათ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და არ სჯერა, რომ ამის გამო ისინი ეროვნულ იდენტობას დაკარგავენ.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა.

მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა დასავლურ ქვეყნებთან/ორგანიზაციებთან უნდა ჰქონდეს, 12% ამბობს, რომ რუსეთთან.

გთავაზობთ გამოკითხვის ძირითად მიგნებებს:

„საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებენ: საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს, საკუთარი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრად იხილოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამავდროულად რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის გაზრდის მოლოდინი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხე გაზვიადებულია: საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 22% ეთანხმება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ეროვნულ იდენტობას დაკარგავს, ხოლო 73% თანხმდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, საქართველოს საზოგადოება ერთგვაროვანი არ არის და ზოგიერთი ჯგუფი სხვებზე მეტად უჭერს მხარს პროდასავლურ მისწრაფებებს: ახალგაზრდებში, ქალაქების მოსახლეობაში, უმაღლესი განათლების მქონე პირებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფებში.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით შესაძლებელია რუსეთთან ომის არიდება. საქართველოს მოქალაქეების ერთ მესამედზე ოდნავ მეტი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეეძლო, ან საქართველოს შეუძლია რუსეთთან ომის არიდება დათმობებზე წასვლის გზით. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) ამბბოს, რომ რუსეთის მიმართ დათმობები უკრაინას ომის თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პარტიებისადმი მიუმხრობელ მოქალაქეებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებზე უფრო ხშირად პასუხობენ, რომ დათმობების გზით შესაძლებელია ომის თავიდან არიდება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება სტრატეგიული ეროვნული ინტერესების დათმობას რუსეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ქართული საზოგადოება შესაძლო კომპრომისებს გადაჭრით არ უარყოფს, ის ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკური ამბიციების დასამშვიდებლად ქვეყნის პროდასავლური მისწრაფებების, ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის შეწირვის წინააღმდეგია. გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედი (და ოდნავ მეტი, უკრაინის შემთხვევაში) ეთანხმება იმას, რომ საქართველომ უნდა დათმოს პროდასავლური ორიენტაცია, თუ ეს თავიდან აარიდებს ომს, იმ ფონზე, როდესაც გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამ შესაძლო კომპრომისს არ ეთანხმება.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ომის თავიდან აცილების მიზნით უფრო მეტად არიან მზად, დათმონ პროდასავლური ორიენტაცია, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები. მეორეს მხრივ, ახალგაზრდებს, ქალაქების მოსახლეობასა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს ნაკლებად სურთ რუსეთთან შესაძლო მშვიდობაში ქვეყნის პროდასავლური 30 მისწრაფებების გაცვლა. სხვა პოტენციურ კომპრომისებს, როგორიცაა მშვიდობისთვის ტერიტორიების ნაწილის დათმობა ან დამოუკიდებლობა, მოსახლეობა კიდევ უფრო კატეგორიულად უარყოფს, ვიდრე პროდასავლური ორიენტაციის დათმობას.

მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი გავლენას ახდენს დამოკიდებულებებზე კომპრომისებთან დაკავშირებით. გამოკითხვის ფარგლებში ჩატარებული რანდომიზებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ჯგუფი განსხვავებულად რეაგირებს სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციაზე: უკრაინის სამხედრო წარმატებაზე თუ უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე. მიწოდებული ინფორმაცია მოქმედებს მოსახლეობის ყველაზე პროდასავლურ სეგმენტზე: ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ძლიერ პროდასავლურ დამოკიდებულებებს ავლენენ და ყველაზე ნაკლებად უჭერენ მხარს რუსეთთან რაიმე სახის კომპრომისს (ოპოზიციის მხარდამჭერები და, გარკვეულწილად, ახალგაზრდები), ყველაზე მეტად ექცევიან უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ და სხვა ჯგუფებზე უფრო მეტად იცვლიან საკუთარ მოსაზრებებს რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიციის სასარგებლოდ.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დადებითად აფასებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის როლს. მაღალი შეფასების მხრივ, მას მოსდევს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მოსახლეობა უარყოფითად აფასებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს. ზოგადად, ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო კატეგორიულები არიან საკუთარ შეფასებებში და უფრო დადებითად აღწერენ უკრაინის პრეზიდენტისა და დასავლელი ლიდერების როლს, ხოლო რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების როლს – უფრო უარყოფითად, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობელი მოქალაქეები. რაც შეეხება საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერები მათ სხვადასხვანაირად აფასებენ.

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს, თუმცა, მოსაზრებები იყოფა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა უკრაინა ტერიტორიების სრულად თუ მხოლოდ ნაწილობრივ გათავისუფლებას”, – ნათქვამია CRRC-ის კვლევაში.


კვლევა CRRC-საქართველომ, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი ჩაატარა.

მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. ჯამში გამოიკითხა 1,523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.