CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა საბჭოთა კავშირს დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 36% საბჭოთა კავშირის პერიოდს საქართველოს ისტორიაში უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე უარყოფითად. 18% კი საბჭოთა კავშირის პერიოდს ძალიან დადებითად აფასებს. უფრო უარყოფითად აფასებს 24%. 14% – ძალიან უარყოფითად.
ამასთანავე მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურა, რელიგია და ღირებულებები საბჭოთა კავშირის დროს შევიწროებული იყო. 31% ფიქრობს, რომ საქართველოს კულტურა და ღირებულებები საბჭოთა კავშირში უკეთესად იყო დაცული, ვიდრე დღეს.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადამიანებს დასავლეთში უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირში.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მიერ სტალინის შეფასებები ურთიერთწინააღმდეგობრივია. „სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლიერებასა და კეთილდღეობამდე მიიყვანა“ – ამ მოსაზრებას მოსახლეობის 66% ეთანხმება. ამასთანავე, 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „სტალინი იყო ტირანი, რომელიც პასუხისმგებელია მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე“.
ZINC NETWORK-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა 3,024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე. შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვის შედეგები ასევე წარმომადგენლობითია ცალ-ცალკე თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო „უარი პასუხზე“ არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%-ს, ამიტომ მოხდა „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე” დაჯამება.