მოსახლეობის 72%-სთვის კანდიდატის სტატუსისისთვის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია - NDI

პუბლიკა

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  ახალი კვლევა  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო.

23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს.

საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ივნისის მოვლენებს ევროინტეგრაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს, საქართველოს მოსახლეობის გზავნილი ნათელია: ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. ამ საკითხზე საქართველოს მოქალაქეების თანმიმდევრული შეხედულებები პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ მათ საკუთარი ძალისხმევა ქართველი ხალხის ამ ურყევი სურვილის ასრულებისკენ მიმართონ“, – განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.


მეთოდოლოგია:

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება);  საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%;

შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით;

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.