მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ ქალისთვის სიგარეტის მოწევა არასდროსაა მისაღები – CRRC

პუბლიკა

მოსახლეობის 80% მიაჩნია, რომ ქალისთვის სიგარეტის მოწევა არასდროსაა მისაღები, – „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა-საქართველომ“ (CRRC – საქართველომ) საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგები წარმოადგინა.

შეკითხვაზე, რომელი ასაკიდანაა მისაღები ქალისთვის ძლიერი ალკოჰოლური სასმელების დალევა, 55% მიაჩნია, რომ არასდროს.

„სქესობრივი ურთიერთობის დამყარება ქორწინებამდე“ – 63%-ის აზრით, არასდროს.

„CRRC – საქართველო“ აღნიშნავს, რომ მართალია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კონსერვატიულადაა განწყობილი ქალის როლის შესახებ, ასეთი დამოკიდებულება 2010 წელთან შედარებით შემცირებულია.

დეტალური ინფორმაცია ნახეთ გრაფიკზე:

ამასთან, 2010 წელთან შედარებით, გაორმაგდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოჯახს ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა არჩენდეს. თუმცა 65% მაინც მიაჩნია, რომ ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს.


CRRC საქართველოს მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა წარმოებს აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.

საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%