მოსახლეობის 80% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა მინიმალური ხელფასის განსაზღვრას - კვლევა

პუბლიკა

საქართველოს მოსახლეობის 80% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა მინიმალური ხელფასის განსაზღვრას – ეს შედეგი აჩვენა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა (CRRC Georgia) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ. მინიმალური ხელფასის მომხრეთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 5% არის გაზრდილი.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღებას ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 3%; საერთოდ არ ემხრობა 8%; არ იცის/უარი პასუხზე – 12%.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტები, რომლებიც მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ემხრობიან, მინიმალური ხელფასის გონივრული რაოდენობის საშუალო მაჩვენებლად 1 208 ლარი დაასახელა, მედიანური მნიშვნელობა კი 1 000 ლარს შეადგენს – წინა წელთან შედარებით გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო დასახელებული მაჩვენებელი 353.9 ლარით, ხოლო მედიანა 200 ლარით გაიზარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, სავარაუდოდ, ეს ასახავს დოლართან შედარებით ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას, ასევე – პანდემიით გამოწვეულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს.

ამავე კვლევის მიხედვით, უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი რესპონდენტები სასურველი მინიმალური ხელფასის უფრო მაღალ მაჩვენებლებს ასახელებენ, ვიდრე – ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანები:

ის მოქალაქეები, რომლებსაც კეთილდღეობის ინდექსის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ, სასურველ მინიმალურ ხელფასად 665 ლარს ასახელებენ, მედიანური ქულის მფლობელები – 1 249 ლარს, ხოლო ეკონომიკურად ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფნი – საშუალოდ 1 667 ლარს.

დასაქმებული რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხელზე ასაღები ხელფასის ღირსეული ოდენობა 1 778 ლარი უნდა იყოს, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 435 ლარითაა გაზრდილი. დასაქმებული რესპონდენტებისთვის აღნიშნული 2 108 ლარს შეადგენს, ხოლო დაუსაქმებლებისთვის კი – 1 427 ლარს.

კვლევის მიხედვით, დასაქმებული რესპონდენტები ღირსეულ ანაზღაურებად უფრო მაღალ თანხას ასახელებდნენ, ვიდრე – დაუსაქმებლები. საშუალოდ, დასაქმებული რესპონდენტები საკუთარი საქმისთვის ღირსეულ ხელფასად 2 108 ლარს მიიჩნევდნენ, ხოლო მედიანურად – 1 500 ლარს.


საქართველოში დამსაქმებლები 1999 წლის შემდეგ მოქმედი რეგულაციის თანახმად, ვალდებულნი არიან მინიმალური ხელფასის ყოველთვიურ ოდენობად მხოლოდ 20 ლარი გადაიხადონ. დარგის სპეციალისტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში დადგენილი ანაზღაურების მინიმალური რაოდენობა არასდროს შესწორებულა ინფლაციის, რეალური ხელფასის, ან ცხოვრების დონის ცვლილების მიხედვით. ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასი სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია.

მონაცემები ეყრდნობა „CRRC-საქართველოს“ მიერ 2020 წლის აპრილსა და 2021 წლის ივლისში ჩატარებული ომნიბუს-კვლევის მონაცემებს. შედეგები ქვეყნის წარმომადგენლობითია და ეფუძნება შემთხვევითი რიცხვების გენერირებით ჩატარებულ სატელეფონო კვლევას (Random Digit Dial method, RDD). 2020 წელს გამოკითხული იქნა 1 351 რესპონდენტი 2-დან 7 აპრილის ჩათვლით. 2021 წლის კვლევაში, „CRRC-საქართველომ“ 1 228 სრული ინტერვიუ შეაგროვა 9 და 23 ივლისს შორის პერიოდში. ცდომილების თეორიული ზღვარი 2.67%-ს არ აღემატება. იმისთვის, რომ გამოკითხვა მოსახლეობის დემოგრაფიულ მახასიათებლებს ზუსტად ასახავდეს, მონაცემები ქვეყნის მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვითაა შეწონილი.