მოსახლეობის 90% ამბობს, რომ რელიგია ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მსახურებას იშვიათად ესწრება – CRRC

პუბლიკა

CRRC – საქართველომ „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი, 2019 წლის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, იმ გამოკითხულთა 44%, რომელიც თავს რომელიმე რელიგიურ ჯგუფს მიაკუთვნებს, ამბობს, რომ რელიგია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 46%-ის აზრით – საკმაოდ მნიშვნელოვანი. მოსახლეობის მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ რელიგია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.

თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, მარხვას ყოველთვის მოსახლეობის მხოლოდ 6% იცავს, ხშირად კი – 4%. 9% ხანდახან მარხულობს, 19% იშვიათად, ხოლო გამოკითხულთა 62% ამბობს, რომ მარხვას არასდროს იცავს.

ასევე, რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მაინც გამოკითხულთა 16%, ხოლო თვეში ერთხელ მაინც 17% ესწრება. მოსახლეობის 26% მსახურებას მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე ესწრება, 29% კი – უფრო იშვიათად. გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ მსახურებას არასდროს ესწრება.

შესაბამისად, „მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს რელიგიურად მიიჩნევს, მაგრამ მსახურებას იშვიათად ესწრება“ – წერს CRRC.

content image
content image
content image

CRRC საქართველოს მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა წარმოებს აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.

საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს  და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%