ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეკითხვაზე – უნდა იყოს თუ არა მრევლი თვითიზოლაციაში და საეკლესიო დღესასწაულებზე ჩატარებული მსახურებების შემდეგ ხომ არ ელოდება პიკს? – უპასუხა, რომ თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან.
„იცით რაშია საქმე, ასე საუბარი არ შეიძლება. მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვსაუბრობთ. ჩემთვის უცხო არ არის, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ზოგადად უნდა ვისაუბროთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაც სეგმენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, საქართველოში სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა. სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე 85 იყო გამოჯანმრთელებული 18 აპრილს, დღეს არის 95. ანუ, ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, 408 პაციენტიდან გამოჯანმრთელებული 95 ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 პაციენტი“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.