მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა - გამოკითხვის შედეგები

პუბლიკა

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) ერთად, აქვეყნებს ანგარიშს – „სასამართლოს ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.“

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, საქართველოს მოსახლეობის მესამედი აცხადებს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან, თუ რა ხდება საქართველოს სასამართლოებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგივე მაჩვენებელი 2018 წელს1 13%-ით მეტი იყო.

„საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საშუალოდ აფასებს საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობას, თითქმის მესამედი კი ამბობს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა, მოსახლეობის უმრავლესობა ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა სასამართლოს“.

როგორც ორგანიზაციი მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ,  საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები ხელს უშლის საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მიმართონ სასამართლოს.

ამასთან, სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობა სასამართლოსადმი უნდობლობა, დამნაშავის მიერ მომავალში დაზარალებულზე შურისძიების საფრთხე და სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადება ხელშემშლელი ფაქტორებია საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, რომ სასამართლოს მიმართოს.

► მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ სმენია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული მექანიზმის – მედიაციის (24%), არბიტრაჟის (35%) ან განრიდების შესახებ მაინც (35%);

► საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სმენია სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, ხოლო ნახევარზე მცირედით მეტს არასახელმწიფო/არასამთავრობო იურიდიული დახმარების ცენტრების შესახებ.

► მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს ჰქონია სურვილი მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა არ მიუმართავს, მიზეზად კი ყველაზე ხშირად საქმის განხილვის ხანგრძლივობასა და სასამართლოს ხარჯებს ასახელებენ;

► საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიუმართავს სასამართლოსთვის. მათი ძირითადი ნაწილი თვლის, რომ საქმის განხილვის ვადები და სასამართლოს ხარჯები ხელს უშლის სასამართლოს ხელმისაწვდომობას;


საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა სასამართლო ხელმისაწვდომობის შესახებ 2020 წლის 19 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდში ჩატარდა.

კვლევამ მოიცვა ქვეყნის სრულწლოვანი, ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის გარდა. მთლიანობაში გამოიკითხა 2 290 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI – Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით. შერჩევა წარმომადგენლობითი იყო საქართველოს (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის დონეზე.

შერჩევის დროს გამოყენებული იყო სტრატიფიცირებული კლასტერული დიზაინი. კლასტერები შეირჩა ზომის პროპორციული ალბათობით. შერჩეულ კლასტერებში შინამეურნეობები ე.წ. შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით შეირჩა, შინამეურნეობაში კი თითო რესპონდენტი – კიშის ცხრილის მიხედვით. ცდომილების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 1.2%-ს შეადგენს.

ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხაორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.