მოსახლეობის თითქმის მეოთხედის თქმით, სავარაუდოდ ყალბ ინფორმაციას არ გადაამოწმებდა - კვლევა

პუბლიკა

10-დან 4 ადამიანი ფიქრობს, რომ დეზინფორმაციის იდენტიფიცირება შეუძლია – ამის შესახებ საუბარია „ზინქ ნეთვორქისა“ და „CRRC საქართველოს“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

შეკითხვაზე – რამდენად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ შეგიძლიათ დეზინფორმაციის ამოცნობა? პასუხები შემდეგნაირია:

  • ძირითადად დარწმუნებული ვარ – 32%;
  • საერთოდ არ ვარ დარწმუნებული – 23%;
  • სრულიად დარწმუნებული ვარ – 9%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 14%.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 21% მიიჩნევს, რომ იცის, როგორ იქმნება და ვრცელდება დეზინფორმაცია, 39% კი საკითხში ვერ ერკვევა.

 

 

რაც შეეხება ყალბი ინფორმაციის გადამოწმებას, მოსახლეობის თითქმის მეოთხედის თქმით, სავარაუდოდ, ყალბ ინფორმაციას არ გადაამოწმებდა.

შეკითხვაზე – რას მოიმოქმედებთ ინფორმაციის გადასამოწმებლად? – 28% აზრს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეეკითხება, 26% ამბობს, რომ ამბის გადასამოწმებლად ახალი ამბების ალტერნატიულ წყაროებს შეამოწმებდა,  23% კი საერთოდ არ შეამოწმებდა ინფორმაციას.

მოსახლეობის უმრავლესობა – 63% არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია. მხოლოდ 12% გაასაჩივრებდა სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის შემცველ პოსტს, 11% კი გააზიარებდა და დაწერდა, რომ ეს ცნობა ყალბია.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, შედგა 2 757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წარიმართა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 1 048 რესპონდენტთან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.