მთავრობის მიერ დადგენილი ახალი შეზღუდვები ორი დღის განმავლობაში, ახალ წელს და მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე არ იმოქმედებს.
ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, გამონაკლისი ამ თარიღებში იმის გამო დაიშვა, რომ ეს მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეხება. მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა კონფესიებს, გავითვალისწინებენ მათ ინტერესებს.
„ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის მართლმადიდებელი საზოგადოება, სწორედ ამის გათვალისიწნებით, ჩვენი უქმე დღეებიც, როგორც შობა, ასევე ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, ამ შემთხვევაშიც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და აღნიშნავს შობას 6 იანვარს ღამით, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი.
რაც შეეხება სხვა კონფესიებს, გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც და როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, მაშინაც როგორც რელიგიის სააგენტო, ასევე ჩვენი საკოორდინაციო შტაბი, ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ უკვე საკოორდინაციო შტაბის მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელზეც, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სრული უფლება, რომ აღნიშნონ თავიანთი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, როდესაც ეს არის მათი რელიგიით გათვალისწინებულ. ამდენად გამონაკლისი შეზღუდვიდან იყო დაშვებული ამ დღეს, იმიტომ, რომ ეს ეხებოდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, და ამიტომ შეზღუდვა იყო მოხსნილი უშუალოდ ამ დღეს, რადგანაც ეს პრაქტიკულად ყველაზე ვრცელდებოდა…
ხოლო სხვა კონფესიებზე – გრიგორიანულ ეკლესიაზე, ან კათოლიკებზე, ლუთერანებზე და ა.შ, რა თქმა უნდა მათთან ვართ კონტაქტზე და როგორც გაზაფხულზე, ახლაც ხელს შევუწყობთ მათი უფლებების დაცვას.
არის კათოლიკური საზოგადოებით დასახლებული რეგიონები, სადაც ადგილობრივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გაატარებს იმ კონკრეტულ ღონიძიებებს, რომელიც იმ რეგიონისთვის მეტად არის საჭირო. გარწმუნებთ, ზედმეტი აჟიოტაჟია. შეიძლება, ჩვენ ეს საკითხი მეტად უნდა აგვეხსნა. თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.