მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ - ღუდუშაური რიგგარეშე სესიაზე

პუბლიკა

„რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მიზანი არა სამუშაო პროცესი, არამედ საცირკო წარმოდგენაა.

ღუდუშაურის თქმით, მმართველი გუნდი აპირებს იმგავარად მუშაობას, რომ მოსახლეობამ „საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება“.

ოპოზიციას რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მალე პრეზიდენტს სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, 3 საკითხი იქნება განსახილველი: საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო და ანტიკორუფციული ბიურო.

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ოპოზიციას პრეზიდენტისთვის მიმართვისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება არ გაუჭირდება.

რიგგარეშე სესიის მოთხოვნას არ უერთდება „გირჩი“. იაგო ხვიჩიას პოზიციით, ოპოზიცია მზად არ არის ამ სხდომისთვის.

„ოპოზიცია, რომელმაც ჯერ თვითონ არ იცის, რა უნდა, არც ის იცის, ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს, ითხოვს პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს არ ვაწერ, არის ის, რომ ჩემს გარეშეც შეუძლიათ ეს გააკეთონ“, – აცხადებს ის.

ინიციატივას მხარს არ უჭერს არც „მოქალაქეები“.

„საკითხები, რომელთა განხილვაც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, მოუმზადებელია იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – ამბობს იოსელიანი.

როგორ აწესრიგებს პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუცია რიგგარეშე სხდომის მოწვევას

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

რეგლამენტის 127-ე მუხლის თანახმად, რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილობით თხოვნას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.