საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო.
საკონსტიტუციო სარჩელები „თეთრი ხმაურის მოძრაობისა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ იყო მომზადებული. სასამართლოში მოსარჩელეების წარმომადგენლები იყვნენ ადვოკატი გიორგი მახარაძე და საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას გიორგი მახარაძე განმარტავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ყველა ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობას, რომელიც მოსახმარად უვარგისი იქნება და ასეთ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვეღარ გამოიყენებს.
რაც შეეხება იმის დადგენას, რა ოდენობა არის მოსახმარად ვარგისი და რა არა, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს, რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება არის მოსახმარებლად ვარგისი. მისი თქმით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოში უნდა იყოს დაბარებული ნარკოლოგი, რომელიც განმარტავს, ჩაითვლება თუ არა საქმეში არსებული ნარკოტიკის ოდენობა მოხმარებისთვის ვარგისად.
„მაგალითად, პირობითად განიხილება მეტამფეტამინის საქმე, უნდა დაიბაროს ნარკოლოგი და ნარკოლოგისგან მოისმინოს მოხსენება, მეტამფეტამინის რა ოდენობა არის მოსახმარად ვარგისი. რეალურად, კანონმდებლობა ისე იყო ფორმულირებული, რომ თვალით უხილავი, მიკროსკოპული ოდენობის ნარჩენისთვის ადამიანი 8 წლამდე ვადით მიდიოდა ციხეში. ეს აღარ იქნება. საერთო სასამართლოებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა გამოიძახოს ნარკოლოგი და ამ ნარკოლოგმა უნდა მისცეს სასამართლოს ჩვენება, რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება არის მოსახმარად ვარგისი. ამ გზით იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების აღსრულება შესაძლებელი“, – განმარტავს გოცირიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობისთვის.
„ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ მათი განაჩენების გადასინჯვა“, – ამბობს გოცირიძე.
კონსტიტუციური სარჩელი დამყარებული იყო ნოე კორსავასა და გიორგი გამგებელის საქმეებზე. მათ შემთხვევაში ინექციისთვის გამოყენებულ შპრიცში დარჩენილმა მეტამფეტამინის ოდენობამ ერთ შემთხვევაში შეადგინა 0,00000126 გრამი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 0,0003 გრამი.
როგორც გოცირიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელები ერთ კონკრეტულ ნარკოტიკს ეხებოდა, მათ სასარჩელო მოთხოვნაში დააფიქსირეს, რომ გადაწყვეტილება გავრცელებულიყო მოსახმარად უვარგის ყველა ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე.
„ჩვენი მოთხოვნა იყო ასე ფორმულირებული და საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა ის“, – ამბობს გოცირიძე.