პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გასამართ აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან მხარდამჭერებს პარტიის სახელით მოუწოდა დღეს შემაჯამებელ აქციაზე შეუერთდნენ პარტიის წევრებს.
„დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება!
რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქცია 5 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ელოდებიან სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანებს და ფართომასშტაბიან შეკრებას გეგმავენ.