მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახება - GNCC

პუბლიკა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებამდე სარეკლამო შემოსავლებს მზარდი ტენდენცია ჰქონდა. მარტის თვეში 4%-იანი კლება დაფიქსირდა, თუმცა ამის მიუხედავად, სარეკალმო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა და სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა 13 659 925 ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ამ წლის პირველ კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო „თრიალეთს” დაუფიქსირდა  317%; 231% აქვს სტუდია „მაესტროს“. 189%-იანი ზრდა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, GDS-ს – 56%, TV პირველს – 50%, „იმედს” კი 27%-იანი ზრდა.

სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დაუფიქსირდა და მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა.

რაც შეეხება ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებს, ტელევიზიების ნაწილის ბიუჯეტი ლარებში ასე გამოიყურება:

  • ტელეიმედი – 5,404,783.27 ლარი;
  • რუსთავი 2 – 2,555,286.62 ლარი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 438,038.97 ლარი;
  • TV პირველი – 927,809.19 ლარი;
  • მთავარი არხი – 1,859,641.48 ლარი;
  • პოსტვ – 465,590.91 ლარი;

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, 2020 წლის მომდევნო კვარტალებში პანდემია გავლენას მოახდენს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე.

მაგალითად, ტურიზმის სფეროზე პანდემიის უარყოფითი გავლენა და ამ სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, შემცირდება კომპანიების სარეკლამო აქტივობა;

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მარტში უკვე ფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%-იანი კლება, ეს ტენდენცია 2020 წლის სარეკლამო ბაზარზეც აისახება;

გასულ წელს სატელევიზიო კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამების თვალსაზრისით, ჯამური  wGRP-ების   დაახლოებით 85% შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: სასმელები, სურსათი, სპორტი, ტურიზმი, გართობა, მედიცინა, სილამაზე და ჯანმრთელობა, ინდუსტრი და სერვისები, ფინანსები. სავარაუდოა, რომ ნორმალურ პირობებში, 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიები იქნებოდნენ ყველაზე მსხვილი განმთავსებლები.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პროდუქტსა და მომსახურებაზე მკვეთრი კლება შეინიშნება, ზოგზე კი მატება, მთლიან სურათზე ეპიდემიის შედეგები მაინც ნეგატიურად აისახა. მაგალითისთვის, მარტსა და აპრილში მოპოვებული wGRP-ების რაოდენობა 53% გაიზარდა სურსათის კატეგორიაზე, 52% კი ტელეკომუნიკაციების სფეროზე, საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, wGRP-ების რაოდენობა მაინც 25%-ით შემცირდა“, – წერია განცხადებაში.

2020 წლის პირველ კვარტალში სატალევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ  COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება. თუმცა, GNCC-ის ვარაუდით, შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას.

„2020 წელი საარჩევნო წელია და, სავარაუდოდ, ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები  მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას”, -წერია განცხადებაში.

კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში  2020  წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.

GNCC-ის სრულ ტექტს გაეცანით ბმულზე.