„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საპატიმრო სასჯელს იხდის, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ საფუძველი გამოაცალა ე.წ. კლანს, რომლის წევრიცაა და საზოგადოებას აჩვენა, რომ სასამართლოს „ოცნება“ მართავს.
„განაჩენი სასიხარულო და აბსურდულია პირდაპირ მინდა გითხრათ და პრინციპში, არც იყო სხვა რამე მოსალოდნელი. ვერ დაასაბუთებ იმას, რისი დასაბუთებაც შეუძლებელია. ასე, რომ ბატონი ჩხიკვაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესად ვარ მე აქ ვიდრე ჩხიკვაძე გარეთ.
არ ვუსურვებ მას აქ შემოსვლას თავისთავად ცხადია, თუმცა მდგომარეობა, რომელშიც თავი ჩაიგდო და ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს თავის არჩევანს, არის ძალიან მძიმე. კარგი ის არის, რომ ჩხიკვაძემ გააკეთა მთავარი, რასაც ყველა ამდენ ხანს ველოდებოდით. მან საძირკველი გამოაცალა კლანს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება და გვაჩვენა ყველა რომ „ქართული ოცნება“ არის რეალურად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“, – განაცხადა გვარამიამ.
რამდენიმეწუთიან ინტერვიუში ნიკა გვარამიამ ისაუბრა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებასა და ენმ-ის ლიდერის გამოსვლაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე, და იმაზე, რამდენად შეცვლის ევროპის მხრიდან დამოკიდებულებას, პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა.
„გადაწყვეტილება უკვე გამოკრისტალებულია და ძალიან რთული იქნება 2-3 დღეში, თუ ერთ კვირაში სიტუაციის რადიკალურად და დრამატულად შეცვლა. მე ასე ვფიქრობ. სამწუხაროდ ეს ასეა. მე გამიხარდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ და მითუმეტეს გამიხარდება, რომ ამან დრამატულად შეატრიალოს სიტუაცია, მაგრამ ამ თვალსაზრისით პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – ამბობს გვარამია.
ინტერვიუს დასასრულს გვარამიამ აღნიშნა ,რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს და პატიმრობიდან გამოხსნა არა მას, არამედ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.