მოსამართლე დავით კურტანიძემ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსამართლე დავით კურტანიძემ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა.

დააკავეს 16 ადამიანი, მათ შორის, მათე დევიძე.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს მხოლოდ მათე დევიძეს ედავებიან.

სხვა დაკავებულთაგან ორს: ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა თქვა, რომ მათე დევიძე „არ არის ნასამართლევი, არ გამოირჩევა აგრესიულობით, ხოლო ჯოხის ქნევა იყო თავდაცვითი რეფლექსი“. მან აღკვეთის ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო მოითხოვა.

თუმცა მოსამართლე კურტანიძემ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გაითვალისწინა პროკურატურის მტკიცება – ბრალმდებელ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მათე დევიძემ „მძიმე დანაშული ჩაიდინა“, მიუხედავად იმისა, რომ „სამართალდამცველებს აქვთ დაზიანებები, რომელსაც არ გამოუწვევია მათი ჯანმრთელობის მოშლა, თუმცა საქმეში არის შესაბამისი სამედიცინო ბარათები, რომლებშიც ასახულია, რომ დარტყმის შესაბამისად, თუ სადაც მოხვდათ პოლიციის თანამშრომელს შესაბამისი ჯოხი, აქვთ დაზიანება”.