მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დათაშვილის პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა.

არგუმენტები პროკურორმა მედეა ცირამუამ წარმოადგინა.

მისი თქმით, არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე მოწმეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე მიმალვის საფრთხეები. 

ადვოკატი თამარ გაბოძე ბრალდების მოთხოვნას არ დაეთანხმა, მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი ეს საფრთხე. გაბოძის თქმით, დათაშვილის მიმართ გამოძიება 10 დღის წინ დაიწყო, თუმცა, პროკურატურა მას ერთხელაც არ დაკავშირებია.

„ერთხელაც არ უცდია პროკურატურას, მას დაკავშირებოდა. აუცილებლად გამოვცხადდებოდით. გამოძიება რომ დაიწყო, იყო საჯარო ინფორმაცია. თუ მიმალვის საფრთხეზე საუბრობთ, არგუმენტებს გთხოვთ ზუსტად იმიტომ, რომ მიმალვის საფრთხეს თავისი სტანდარტები აქვს, მტკიცებულებების განადგურების საფრთხესაც თავისი სტანდარტები აქვს.

თოთოეულ მოთხოვნას, რომელითაც ვითხოვთ ადამიანის დაპატიმრებას, თითოეულ არგუმენტს უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი დასაბუთება და არც ერთზე არ არის ამ საქმეში. ათი დღე გავიდა, მოწმეები გამოკითხული ჰყავთ და მოწმეები არიან სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები. როგორ შეიძლება, მოწმეებზე განვახორციელოთ ზეწოლა, რომლებიც არიან სახელმწიფო მოხელეები.

რომელი მტკიცებულებები უნდა გავანადგუროთ ჩვენ? – ისინი უკვე მოპოვებულია.

თუ ფიქრობდით, რომ ნინო დათაშვილი მტკიცებულებებს გაანადგურებდა, 10 დღე რას ელოდებოდით, არ არის საკმარისი მტკიცებულებების გასანადგურებლად? სათითაოდ ვიტყვი, რომ პროკურატურის არც ერთ მოთხოვნაზე არ არის მტკიცებულება.

ნინო დათაშვილი არ მიმალულა. ერთხელ მაინც ეცადნენ დარეკვას? თუნდაც პოლიციაში გამოეძახებინათ, თუნდაც უწყება გამოეგზავნათ. ეს ადამიანი საზღვარზე ან გაყალბებული პასპორტით ხომ არ დააკავეთ.

არც ერთი პროცენტით არ არსებობს არც მიმალვის, არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე”. – თქვა თამარ გაბოძემ.

ადვოკატმა მოითხოვა ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.

თუმცა, ალტერანტიულ ღონისძიებად შესთავაზა ნინო დათაშვილის გათავისუფლება 20-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე დამატებით ღონისძიებებთან ერთად: პოლიციაში გამოცხადების ვალდებულება და საჭიროების შემთხვევაში პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

სხდომაზე განცხადება გააკეთა თავად ნინო დათაშვილმა. 

მისი თქმით, ის 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ავტობუსის გაჩერებაზე დააკავეს. 

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ უთქვამთ, რა მუხლის საფუძველზე აკავებდნენ, ხოლო ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ.

„დაკავება უკანონოდ მოხდა. პირველ რიგში, როცა დამაკავეს, ფორმა არ ეცვა არავის, არ წარმიდგინეს თავი და წამართვეს ტელეფონი.

იყო ბევრი ხალხი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. არც ბრალი არ წაუკითხავთ.  მე ვიცი, რომ დაკავებისთანავე მაქვს ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის უფლება.

არ დამარეკვინეს დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 საათი. შვილისთვის უნდა გადამეცა გასაღები, ერთი გასაღები მაქვს და მისთვის უნდა გადამეცა. ამ პროცესში – ვიდექი გაჩერებაზე, სამარშრუტო ტაქსის ველოდებოდი, გამომგლიჯეს ხელიდან ტელეფონი.

მე მომადგა ფსიქოლოგიური სტრესი, რადგან ვერ ვუკავშირდებოდი შვილს, რომელიც ვერ შევიდოდა სახლში. პოლიციაში მიყვანის დროს არ მომცეს შვილთან მიყვანის საშუალება.

„გოგო, რომელიც მეგონა მეზობელი და იღებდა ტელეფონით, აღმოჩნდა პოლიციელი დაკავების ჯგუფიდან. მე ვიცი კანონით, რომ პოლიციელს არ აქვს მობილურით გადაღების უფლება, უნდა ჰქონდეს სამხრე კამერა.

იყო ასევე ცინიკური დამოკიდებულება პოლიციის შენობაში. ახლა თავს შევიკავებ ამის მოყოლისგან“. – თქვა ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მან ასევე ითხოვა ერთი თვით თავისუფლება, ვინაიდან მაგისტრატურის სტუდენტია და ახლა გამოცდები აქვს.

„ასევე მაქვს ვალდებულებები ჩემს შვილთან, რომელიც აბიტურიენტია და წელს აბარებს გამოცდებს. მინდა, რომ ამ პერიოდში გვერდით ვყავდე”.

ნინო დათაშვილმა სასამართლოში ასევე თქვა, რომ დაზარალებულად თავს თავად თვლის და რომ ინციდენტის შემდეგ პატრული თავად გამოიძახა, თუმცა, პატრული არ მოვიდა.

მისივე თქმით, ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები.

„3 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი, ისე მტკიოდა ყველაფერი. ვერც ექიმთან ვერ წავედი, რომ ფორმა 100 წამეღო. სხეულზეც მქონდა ჩალურჯებები, ნაკაწრები და ა.შ. ორი მათგაი ფეხზე ახლაც მაქვს.

არსად არ მივმალულვარ. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და კიდევ 2 საგნის სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ.

მინდა, ვკითხო პროკურორებს: რამდენიმე ადამიანის მიერ გაკავებული 150 სმ ქალი როგორ დავესხი თავს მანდატურებს? განმიმარტეთ სიტყვა თავდასხმა”. – თქვა მან.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არ გაითვალისწინა ნინო დათაშვილის და მისი ადვოკატის არგუმენტები, დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა და ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს დაინიშნა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.

ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.